თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ თეა გერგედავასთან ერთად იტალიაში ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორს ჯოვანი მოლარის და ვიცე-რექტორს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით რაფაელა კამპანერის შეხვდა.
ბოლონიის უნივერსიტეტში ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოსა და ბოლონიის უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის სიღრმისეული განხილვა, მიღწეული შედეგების შეფასება და პარტნიორობის შემდგომი განვითარებისათვის ახალი პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთა იყო.
მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევითი და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებებით. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებით აღინიშნა თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა; არსებული პარტნიორობა გამოირჩევა მრავალფეროვანი აქტივობებით, მათ შორის სტუდენტური და აკადემიური მობილობებით, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებითა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატით.
მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ძლიერი აკადემიური კავშირები ქმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებისათვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელების გზაზე და ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერებას.